View this article in English | bilingual

ჩემი საჭადრაკო ნოველა

ვერ ვხვდებოდი, რა ჭირდა იმ გოგოს. სვლას გააკეთებდა, რამდენიმე წამით გაილურსებოდა, მერე ისევ წაიღებდა ხელს დაფისკენ, გადადგმულ ფიგურას შეეხებოდა, მოეფერებოდასავით, ან სულაც თავში მსუბუქად წაუჭერდა ქათქათა თითებს, ოდნავ დააბზრიალებდა, სულ რამდენიმე მილიმეტრით გადააჩოჩებდა, ვასწორებო, თბილი და მოგუდული ხმით ამოიჩურჩულებდა და კვლავ თავის ქერათმიან თავს ჩამოაყრდნობდა ხოლმე ფუმფულა ხელისგულს.
 
ყოველი სვლის შემდეგ ასე იქცეოდა. მხოლოდ საკუთარს კი არა, ჩემს ფიგურებსაც ასწორებდა. ასწორებდა მაშინაც, როცა ძალიან, ძალიან ზუსტად ვდგამდი მათ უჯრის ცენტრში. ვდგამდი და მღელვარება მიპყრობდა. აზრი მებნეოდა, გათვლილი ვარიანტები და მოფიქრებული კომბინაციები ერთმანეთში მერეოდა. მთელი ჩემი ყურადღება მასზე გადადიოდა, რომელსაც წამი-წამზე ჩემს მიერ გადანაცვლებული ფიგურისკენ უნდა წაეღო ხელი, შეხებოდა, მოალერსებოდა, ოდნავ ჰაერშიც კი აეწია, მერე ისევ იმ უჯრაზე დაედგა და თავისი იდუმალი ხმით ეთქვა - ვასწორებო...
 
ეს წესი იყო. მოჭადრაკეს შეეძლო გინდ საკუთარი, გინდ მოწინააღმდეგის ფიგურა გაესწორებინა, ოღონდ ამ მომენტში ეს ჯადოსნური სიტყვა უნდა ამოეთქვა. თუ ეს სიტყვა არ დასცდებოდა, მაშინ იძულებული შეიქნებოდა, განასწორები ფიგურით გაეკეთებინა მორიგი სვლა ან მოწინააღმდეგის ხელმონაკიდი ფიგურა მოეკლა, თუკი ამის პრაქტიკული შესაძლებლობა იარსებებდა. გასწორებაზე ლიმიტი სამწუხაროდ არ იყო დაწესებული, ამიტომ ის გოგოც ამ უფლებას ყველა სვლაზე იყენებდა. ზოგჯერ სვლასა და სვლას შორის რამდენიმეჯერაც: ხან თეთრ მხედარს შეავლებდა ხელს, ხან შავ კუს, ხანაც ორივე ფერის პაიკებს... დაუვლიდა, ელაციცებოდა მათ და მოჯადოებულივით ბურტყუნებდა: ვასწორებ, ვასწორებ, ვასწორებო... მე კი ნელ-ნელა ტვინი მემღვრეოდა, უხეშ შეცდომებს ვუშვებდი და მუდამ ვმარცხდებოდი მასთან.
 
ეს გოგო გამახსენდა, როცა დიდოსტატმა სუეტინმა ლექცია წაგვიკითხა მოჭადრაკის ფსიქოლოგიურ მომზადებაზე. ფსიქოლოგიურ მომზადებასა და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე. თეორიულად გვიხსნიდა, თან ამავე დროს თვალსაჩინო მაგალითებიც მოჰყავდა. არაერთი მაგალითი მოიყვანა იმისა, ფსიქოლოგური ზემოქმედებით თუ როგორ დაამარცხა ერთმა მოჭადრაკემ მეორე. მათ შორის ასეთიც მოგვითხრო: ერთი მოჭადრაკე სვლას როგორც კი გააკეთებდა, მეტოქეს თვალებში მიაშტერდებოდაო.
დაჟინებით უყურებდა, მზერას არ აშორებდაო. ის კი არადა, მოწინააღმდეგე როგორც კი საპასუხოდ დაძრავდა ფიგურას, ცდილობდა, რაც შეიძლება მალე ეპასუხა, რომ კვლავ თვალი თვალში გაეყარაო. მოწინააღმდეგეს რომ შეხედო, ეს არანაირი წესით არაა აკრძალული და ისიც ვერ გააპროტესტებდაო. მან კი ამ გზით მეტოქე წყობიდან გამოიყვანა და დაამარცხაო.
 
თქვა თუ არა ეს, მაშინვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა ჩემთვის. მივხვდი, რომ ეს გაუთავებელი, გულისშემაღონებელი გასწორებები ფსიქოლოგიური ზეწოლის კარგად შემუშავებული მისი მეთოდი იყო. უფრო სწორად, მაშინ ასე ვიწამე, თორემ რა მეთოდები უნდა ჰქონოდა შემუშავებული თორმეტიოდე წლის გოგონას? ეს ალბათ უფრო ნევროზი იყო. მისი ჩუმი ნევროზი, ყველაფრისთვის ხელის წატანების ნევროზი. ანდა ვინ
იცის, იქნებ მამა ყავდა უსინათლო და მან ასწავლა ჭადრაკის თამაში? უსინათლოები ხომ მუდამ თამაშობდნენ ჩვენს ტურნირებში, ცალკე ისხდნენ, ყოველთვის მეტი მაყურებელიც ყავდათ და მოწინააღმდეგე სვლას რომ გააკეთებდა, საბრძოლო ველის თავზე ხელებს ააფათურებდნენ ხოლმე, რათა მიმხვდარიყვნენ, თუ რომელი ფიგურა საიდან ამოარჭო და სად ჩაარჭო მეტოქემ. ამას რომ გაარკვევდნენ, გაყუჩდებოდნენ, და ისხდნენ ასე, გატვრენილები, დარბაზის ჭერისკენ, ან უფრო ხშირად, უხილავი მოწინააღმდეგისკენ ამღვრეულმზერამიმართულები. მერე ისევ ააფათურებდნენ ხელებს
საბრძოლო ველის თავზე და საკუთარ სვლას გააკეთებდნენ. 
 
სულმუდამ არა, მაგრამ უსინათლოებთანაც ხშირად ვაგებდი. ხანდახან, პარტია რომ დასრულდებოდა, უახლოეს გაჩერებამდე მიყვანას მთხოვდნენ. თავიანთ დაჩვრეტილუჯრებიან ჭადრაკის დაფას დახურავდნენ, ამოიიღლიავებდნენ, გამოვდებდი მეც ხელკავს და მიმყავდა ფილარმონიასთან. ჩამომდგარი ავტობუსების ნომრებს ვუკაკლავდი, სანამ სასურველი ავტობუსი არ გამოჩნდებოდა. ასვლაშიც დავეხმარებოდი და გავუყვებოდი ხოლმე სახლისკენ გზას უსინათლოსთან დამარცხებული...
რა არ ხდებოდა მაშინ შვეიცარული წესით მიმდინარე ჩვენს ტურნირებზე. რუსი
სალდათი გამოგვეცხადა ერთხელ, ლოყებღაჟღაჟა, ეტყობა რუსეთის რომელიღაც
დაკარგული პროვინციიდან იყო. პირდაპირ გარნიზონიდან მორბოდა, აგვიანებდა
ხშირადაც, აქოშინებული მიუჯდებოდა დაფას და გვიგებდა ყველას, პარტიას პარტიაზე...
უსინათლოებსაც უგებდა, ფიგურების გამსწორებელ გოგოსაც, ჩვენს საუკეთესო პირველთანრიგოსნებსაც და ოსტატობის კანდიდატებსაც. რიხინ-რიხინით ჩამოიტოვა 
 
ყველა, შეგვარცხვინა და გაიმარჯვა. წავიდა მერე ისევ თავის გარნიზონში და აღარ 
 
გამოჩენილა. როგორც ჩანს, სამხედრო სამსახურის ვადა დაუმთავრდა მალე და მიაბრუნეს 
 
თავის დაკარგულ პროვინციაში. ზის ახლა ალბათ იქ, უკვე მობერებული, ლოთობს და თუ 
 
გაუჭირდა, ბოთლ არაყზე უგებს ხოლმე მაზიანს ჭადრაკის მოყვარულ თანაქალაქელებს თუ თანასოფლელებს.
 
რამ გამახსენა ახლა ეს რუსის სალდათი, როცა სულ სხვა რუსზე მინდოდა მომეთხრო, აი იმ დიდოსტატ სუეტინზე, მოჭადრაკეთა ფსიქოლოგიურ მომზადებაზე რომ წაგვიკითხ  ლექცია და მერე ერთობლივი თამაშის სეანსზეც დაგვსხა ყურფიჩორა ბავშვები. ვზივარ მეც და გავაკეთე ერთი სვლა, გავაკეთე მეორე. დადის დიდოსტატი სუეტინი, წრეებს ურტყამს, ოცი თუ ოცდახუთი ბავშვისთვის აქვს ბოლომდე ჭკუა სასწავლები, ერთი ხელის მოსმით უნდა გაგვიმკლავდეს ყველას. ზორბაა დიდოსტატი სუეტინი, შეიძლება ასეც ითქვას, რომ ზონზროხაცაა, მაგრამ ეგ არაფერი - სპორტი კია ჭადრაკი, მაგრამ მძლეოსნობა არაა, ტანის კარგი მოყვანილობა რომ იყოს აუცილებელი... მახვილი მზერა
სჭირდება მას კაი სპორტსმენობისთვის, ხელის მსუბუქი მოძრაობები და გამჭრიახი ტვინი. აქვს ეს ყველაფერი დიდოსტატ სუეტინს და თავდაჯერებულად მოძრაობს თავისი მოუქნელი ტანით საჭადრაკო მაგიდებით შექმნილ მართკუთხედში. ერთი კია, ორიოდეჯერ რომ მომიახლოვდა და ავხედე, რაღაცნაირად ძალიან დიდლინზებიანი, უზარმაზარი სათვალე აქვს ჩამოკოსებული ცხვირზე და ამ სათვალის მიღმა მეტისმეტად გადიდებული და დაყვლეპილი ჩანს მისი თვალები. და ამ დაყვლეპილმა თვალებმა იყო, რომ მიმახვედრა უცებ საძაგელ რამეს! მეტოქეს მთელი პარტიის განმავლობაში თვალებში უყურებდა და ასე დაამარცხაო, რომ მითხრა დიდოსტატმა სუეტინმა, უცებ
გავიფიქრე, რაკი არსებობს ეგეთი მეთოდი და გამოცდილია და თან მეტოქე შარს ვერ მოგდებს ვერანაირად, ვითომ რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს წესი ახლავე მეთქი! გავიფიქრე და ავწიე მაშინვე თავი, თვალი თვალში გავუყარე დიდოსტატ სუეტინს. ჩამომხედა, გააკეთა სვლა და მიტრიალდა უდარდელად. მოძრაობს თავისი ტლანქი ტანით, აკეთებს არხეინად სვლებს, ასრულებს მორიგ წრეს. ვუყურებ დაძაბული
 
მზერით, ვუბურღავ ხან ზურგს, ხან კეფას, ხან სახის პროფილს. რომ მომიახლოვდა, კი გადმომხედა რაღაც ირიბულად, გააკეთა მორიგი სვლა და გააგრძელა თავისი გზა. დავხედე დაფას, ესპანური პარტიაა, კარგად ვიცი მისი ასავალ-დასავალი, უცებ მივიღე გადაწყვეტილება, რომელი ვარიანტი ავირჩიო, გადავანაცვლე ფიგურა და გავუგრძელე მის ზურგს ბურღვა...
 
ფიგურების გამსწორებელი ჩემი გოგო მახსენდება თან. და ვფიქრობ გულში: ნეტა მალე შემახვედრა ისევ შენთან, გიჩვენებ მე შენ სეირს! რომ გაგიხვრიტავ თვალებს და რომ დაირცხვენ შე საწყალო გოგო და რომ დაფასაც ვერ შეხედავ წესიერად და რომ აგიკანკალდება ხელიც და ხმაც და ვერც სვლას გააკეთებ ხეირიანს და ვერც „ვასწორებ“- ს იტყვი მაგ აკანკალებული ხმით, მაშინ ნახე, როგორ ვიყრი ჯავრს შენზე, როგორ გაგანადგურებ უმოწყალოდ... თუმცა რა დროს ის გოგოა, როცა დიდოსტატ სუეტინს ვეთამაშები და თანაბარი ბრძოლა მიდის უკვე მიტელშპილში, და მეც, უცებ გათავხედებული ეს წესიერი ბიჭი, ხუთოსანი და ზრდილობიანი, ძალიან გაუბედავი და აი, ისეთი, რაღაც სისულელეების გამო სირცხვილისაგან სულ სახე რომ მელეწება ხოლმე, სწრაფად ვაკეთებ სვლებს და მზერას
არ ვაშორებ მეტოქის მოუხეშავ ტან-ფეხს, უფრო კი ვცდილობ, მისი დიდრონი სათვალის მიღმა მისი მზერა დავიჭირო და ხანდახან ვახერხებ კიდეც ამას, და მის თვალებში საშინელ გაცეცხლებას, საშინელ სისასტიკეს ვკითხულობ. აბა როგორი ასატანია, როცა ვიღაც ლაწირაკს კეთილი გულით ასწავლი რაღაცას და ის კიდევ ნახევარი საათის შემდეგ შენგან ახლადნასწავლი ამ მეთოდით უტიფრად შეგებრძოლება! გადავცდით ლამისაა მიტელშპილს. დავყურებ დაფას და არ მეჯერება, აშკარად უკეთესი პოზიცია მაქვს უკვე, თითქმის მოსაგები. „ამართლებს მეთოდი!“ - ვფიქრობ გულში. დიდოსტატი სუეტინი კი მიახლოვდება, ყოვნდება ჩემს დაფასთან, მე მას ჯიუტი მზერით ავყურებ, ის დაფისკენ იხრება, სვლას აკეთებს, სვლის გაკეთების მომენტში კიდევ უფრო იწევს ჩემსკენ და ისე, რომ ვერავინ გაიგონოს, ყურში ჩუმად და აგრესიულად ჩამსისინებს:
 
- Не смотри мне в глаза!
 
დავიზაფრე.
 
წესიერმა, მორცხვმა, ხუთოსანმა ბიჭმა თავი დავხარე, ჩემს ფეხსაცმელებს ჩავყურებ. ვგრძნობ, როგორ მოძრაობს დიდოსტატი სუეტინი. რომ მომშორდა, ძლივს გავბედე და მზერა გავაპარე დაფისკენ. მინდა, მისი გაკეთებული სვლა დავინახო. ბუნდოვანია ირგვლივ ყველაფერი. დავძაბე მზერა და ძლივს აღვიქვი ფიგურების განლაგება. ისევ დავხარე თავი და საკუთარ ფეხსაცმელებს ჩავყურებ. ზეპირად ვთვლი ვარიანტებს, გონებაში ვამოძრავებ ფიგურებს. ვცდილობ, ასეთნაირად მოვიფიქრო, როგორ
 
შევებრძოლო...
 
მიახლოვდება... მოვიფიქრე მგონი...
 
მომიახლოვდა... დადგა ჩემს წინ... ავწიე ოდნავ მზერა და გავაკეთე სვლა. მიპასუხა
 
ფიგურის დაბრახუნებით და გამეცალა. დაარტყა შემდეგი წრეც ისე, რომ თავი არ ამიწევია... და მგონი მესამეც... გაუარესდა თვალსა და ხელს შუა ჩემი პოზიცია. ვკარგავ მოპოვებულ უპირატესობას. არადა ყურში ისევ მისი ჩასისინება მიდგას: „Не смотри мне в глаза!“
 
და გავბრაზდი! უცებ! რა უფლება აქვს! რატომ მიკრძალავს? განა თვითონ არ მითხრა, რომ წესებს არ ვარღვევ?! ეს თვითონ არღვევს ახლა! შეიძლება არ არღვევს, მაგრამ ფსიქოლოგიური ზემოქმედება უნდა რომ მოახდინოს ჩემზე... არადა, აქამდე მე ვახდენდი მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას...
და დარცხვენილი თავი უცებ ამაყად ავწიე, რათა შემეხედა. ის უკვე ჩემსკენ მოემართებოდა. და მისი დაჭყეტილი თვალები პატარა ბიჭის თითქოსდა უწყინარ, მაგრამ ამავე დროს უჯიათ მზერას შეეფეთა. თვალი არ მოუცილებია. მოემართებოდა და მიყურებდა. გაშმაგებული მზერით. და მივხვდი, რომ სწორედ ახლა უნდა გამეძლო...
 
და გავუძელი. დაფასთან მოვიდა. თავზე დამადგა. დამყურებდა. თვალებით მჭამდა. მეც ავყურებდი. დიდოსტატი სუეტინი დაფას არც კი ავლებდა მზერას. მე ჩამცქეროდა თვალებში და მჭამდა. მეც ავცქეროდი. ვძრწოდი, მაგრამ ავცქეროდი, თვალს არ
 
ვახამხამებდი...
 
და ვაჯობე. მზერა მომაშორა და დაფას დახედა, ყურისწამღები დაბრახუნებით გააკეთა სვლა და მიბრუნდა. უკვე ცოტანი ვიყავით დარჩენილები. ალბათ ასე შვიდნი. დანარჩენებისთვის ბოლო მოეღო. ყოფა ეტირა. ამიტომ უფრო სწრაფ-სწრაფად მოდიოდა ჩემთან. ურცხვად ვუმზერდი და უტიფრად ვეთამაშებოდი... და მოვუგე. დამარცხებული გამარჯვებულს ხელს ართმევს ჭადრაკში. ეს დანებების ნიშანია. მიღებული, ცივილური ჟესტია. თუმცა „არაოფიციალურად“, ასე ვთქვათ, უზრდელურად,
სხვანაირადაც შეიძლება: როცა მარცხდები, შენი მეფე უნდა წააქციო დაფაზე. დიდოსტატმა სუეტინმა თავისი მეფე წააქცია დაფაზე, უფრო სწორად, თავისი მეფე დააბრეხვა და ხელის ჩამოურთმევლად გამშორდა... მე მას ბოლო მზერა გავაყოლე... ეს ალბათ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ცხოვრებაში. ამის მერე გამარჯვების მსგავსი განცდაც კი არასოდეს მქონია. ის გოგო კი, რომელიც ფიგურებს ასწორებდა დაფაზე, ერთხელაც აღარ შემხვედრია. ვთამაშობდით ერთ ტურნირებში, მაგრამ ბედისწერა, ანუ კენჭისყრა მასთან აღარ მკვეთდა. ის მარცხნივ, მეც მარცხნივ... ის ზემოთ, მე ქვემოთ... ის ქვემოთ, მე ზემოთ... არადა, როგორ მინდოდა... ხელები მექავებოდა... მზერა მზად მქონდა... ქერა გოგო კი იჯდა სხვათა პირისპირ და მათ უსწორებდა ფიგურებს... სხვები გამოყავდა, ან ვინ იცის, იქნებ ვერც გამოყავდა წყობიდან... მერე ვიღაც ბიჭებმა გამიყვანეს „ჭადრაკის სასახლიდან“ და იქვე ახლოს მცემეს. ასე აქამდე არავის არასდროს ვუცემივარ. ეს ჩემი პირველი და ყველაზე მაგარი გალახვა იყო.
ვერაფრით ვიხსენებ, რას მერჩოდნენ ის ბიჭები, რა არ მოეწონათ ჩემი, რა დავუშავე... მაგრამ სულ მომყვებოდა მას მერე განცდა, რომ იმ საქციელის გამო დავისაჯე. დავისაჯე იმისთვის, რომ დიდოსტატ სუეტინს ცუდად მოვექეცი.
 
და ჭადრაკისთვის თავის დანებება და „ჭადრაკის სასახლიდან“ ჩემი გაქცევაც საშინლად სამარცხვინო იყო. ერთ-ერთ ტურნირში თექვსმეტ მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე გავედი ნახევარი ქულით. მივდიოდი და ვაგებდი... მივდიოდი და ვაგებდი...
 
გამწარებული ვიბრძოდი, მაგრამ მაინც რატომღაც სულ ვაგებდი... სახლში ვმალავდი. მამაჩემს ვატყუებდი სტუდენტი ბიჭი, ხანდახან ვეუბნებოდი, რომ ყაიმით დავასრულე პარტია, ან მოვიგე. მამაჩემს იმიტომ, რომ მან მიმიყვანა პირველად ჭადრაკზე, და ძალიან უნდოდა, რომ კარგად მეთამაშა, საოცრად უხაროდა ჩემი ყოველი პატარა წარმატება და ამიტომ მეც არ მინდოდა, ჩემი ასეთი ჩაფლავების ამბავი გაეგო, გული სტკენოდა. ის საცოდავი ნახევარი ქულაც ვიღაც ინდოელთან ავიღე. პირში დამცინოდნენ უკვე: იმ საწყალ ინდოელს ვიღაც მაგარი ეგონე და იმიტომ შეგითანხმდა ყაიმზე, თორემ ისიც
 
მოგიგებდაო...
 
ვითამაშე ბოლო პარტია და კისრისტეხით გამოვიქეცი. გახედვა აღარ მინდოდა იქით. შემძულდა. ლამის შემძულდა მაშინ ჭადრაკი. ერთი მთლიანი მარცხი იყო მაშინ იგი ჩემთვის: დამარცხებები ფიგურების გამსწორებელ გოგოსთან, დამარცხებები უსინათლოებთან, გალახვა „ჭადრაკის სასახლის“ წინ, ნახევარი
ქულა, ბოლო ადგილი და დაცინვები... რას გადაწონიდა ყოველივე ამას ერთი თავხედური გამარჯვება დიდოსტატ სუეტინთან? მაგრამ ჭადრაკი ამაზე მეტი დამარცხებაც რომ იყო, მაშინ მივხვდი, როცა ჩემი პირველი მწვრთნელის, შოთა ინწკირველის სიკვდილის ამბავი გავიგე. ჩემპიონების აღმზრდელი 90-იან წლებში ფანჯრებჩალეწილ სახლში იპოვეს მკვდარი. მშიერი და გაყინული
მომკვდარიყო...
 
პატარებს რომ გვამეცადინებდა, ცქრიალა ქეთი აბაშიძეს ჩამოისვამდა მუხლზე ხანდახან და ასე გვირჩევდა პარტიებს, ასე გვასწავლიდა დებიუტებს და საჭადრაკო ხრიკებს. მე ამ ცქრიალა ქეთი აბაშიძეს რომ ვხედავდი, გონება მეფანტებოდა და ბოლომდე ვერც მივყვებოდი პოზიციურ ანალიზში მწვრთნელს.
 
და თუ ის მეტოქედ ცქრიალა ქეთი აბაშიძეს დამისვამდა, როგორც წესი, ვაგებდი ხოლმე, ისევე როგორც ფიგურების გამსწორებელ გოგოსთან. სტუდენტობადასრულებული ბიჭი ვიყავი, ისევ რომ გადავეყარე სადღაც ცქრიალა ქეთი აბაშიძეს. კვლავაც საოცრად ცქრიალა იყო. ვაკეში, სახლში ამიპატიჟა, მეც ავყევი. ჩაი დავლიეთ, ბავშვობა გავიხსენეთ, მერე, თუ გახსენებაა, გახსენება იყოსო და დაფასაც მივუსხედით. რა გასაკვირია, რომ კვლავაც გამანადგურა, ჩაიღიმა თან და მგონი ასეც კი მითხრა: რაა ეს, რომ სულ გიგებო...
 
ასე იყო... თითქოს არ ვიყავი სუსტი, მაგრამ თითქოს სულ მამარცხებდნენ. არაფერი რჩებოდა გამარჯვებებისგან, დამარცხებები კი სულს მიდაღავდა, მიღადრავდა, მამძიმებდა, მცვლიდა... და ამ დამარცხებების ფონზე ისღა დამრჩენოდა, მომეყოლა, თუ როგორ დავამარცხე დიდოსტატი სუეტინი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით.
 
მეც ვყვებოდი და ვყვებოდი... გულს ვიკეთებდი. იმდენჯერ მოვყევი, რომ თანდათან მოყოლაც მომბეზრდა და აი, უკვე დავწერე კიდეც. დავწერე, მაგრამ თვალწინ ახლა მაინც შოთა ინწკირველი მიდგას, მშიერი და ფანჯრებჩალეწილ სახლში გაყინული. და მგონია, ჭადრაკის დაფასთან მიმჯდარი იპოვეს, ჰაერში გაშეშებული ხელით და მუჭში მოქცეული ლაზიერით, რომელიც f5-ზე თუ g6-ზე უნდა დაესვა და ჩვენთვის მიხეილ ტალის ან რობერტ ფიშერის ლამაზი კომბინაცია ეჩვენებინა...
 
და იპოვეს მარტოსული კი არა, არამედ მის მუხლზე შემოსკუპებულ ცქრიალა ქეთი აბაშიძის ლანდთან ჩახუტებული...
 
მუხათწყარო, აგვისტო, 2011.